თაღლითობა

24.09.2025 - ადამიანი და კანონი

თაღლითობა

დღევანდელ დღეს, ვინაიდან მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აქტიურად იყენებს ინტერნეტს, თაღლითებისთვის ყველაზე ადვილად მისაწვდომ და მიმზიდველ სამიზნეს სწორედ ინტერნეტმომხმარებლები წარმოადგენენ. ინტერნეტის აქტიურმა მოხმარებამ და ტექნოლოგიურმა განვითარებამ თაღლითობის თვალსაზრისით ახალი სახის რისკები წარმოქმნა. 

ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი  ყველაზე გავრცელებული ფორმაა ფიშინგი. ტერმინი „ფიშინგი“ (phishing) ინგლისური სიტყვიდან – fishing – მოდის, რაც თევზაობას ნიშნავს. თაღლითობის ამ სქემის ფარგლებში, თაღლითების მხრიდან პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ინტერნეტმომხმარებლის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება ხდება, როგორიცაა: პირადი ნომერი, ინტერნეტბანკის პაროლი, საბანკო ბარათის ან ანგარიშის ნომერი, პაციენტის სამედიცინო ისტორია და სხვა კონფიდენციალური მონაცემები.

ჩვეულებრივ, ფიშინგი ელექტრონული წერილების (Email) მასობრივად დაგზავნის გზით ხორციელდება, სადაც წერილის გამგზავნად ცნობილი ორგანიზაციები თუ ბრენდები ეთითება; ასევე, სოციალური ქსელების საშუალებით. თაღლითურ გზავნილში ხშირად არის მოცემული ვებგვერდის ბმული, რომლის ვიზუალური მხარეც თითქმის არ განსხვავდება ნამდვილი გვერდისგან. თუმცა, გაყალბებულ ვებგვერდზე გადასვლისას, მომხმარებლის მიერ შეყვანილი ინფორმაცია – სახელი და გვარი, პაროლი, საბანკო ბარათის ან ანგარიშის ნომერი, უსაფრთხოების კოდი და ა.შ. – ავტომატურად ხვდება ე.წ. „ფიშერის“ ხელში. თქვენთვის გამოგზავნილი ვებგვერდის ბმული შეიძლება რეალურიც იყოს, თუმცა თავად მომსახურება, რასაც ამ ვებგვერდის საშუალებით გთავაზობენ – არარეალური. ასევე, ხშირია ელექტრონული ფოსტის საშუალებით არარეალური შეთავაზებების გამოგზავნაც, მაგალითად, ფულადი ჯილდოს მიღების სანაცვლოდ თქვენი მონაცემების გაგზავნის, ან სიმბოლური თანხის გადარიცხვის მოთხოვნა. ფიშინგი რამდენიმე სხვადასხვა სახით შეიძლება განხორციელდეს.