პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა

20.08.2025 - ადამიანი და კანონი

პარლამენტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება განიხილა, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილება და მას მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 307¹ მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს.

აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.