უდანაშაულობის პრეზუმფცია
08.10.2025 - ადამიანი და კანონი
უდანაშაულობის პრეზუმფცია
რას გულისხმობს უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია?
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი განამტკიცებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად:
ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების მთელი პროცესის განმავლობაში. უდანაშაულობის პრეზუმფცია ასევე ავალდებულებს სასამართლოსაც, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთებისაგან თავი შეიკავოს, რადგან პირის ბრალეულობა დამტკიცებული უნდა იყოს ბრალდების მხარის მიერ და ყოველგვარი ეჭვი გადაწყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტით:
სასამართლო მიუთითებს, რომ უდანაშაულობის (არაბრალეულობის) პრეზუმფცია წარმოადგენს სისხლის სამართლის სახელმძღვანელო პრინციპს, რომელიც, მათ შორის, გულისხმობს, ყველას მოექცნენ იმ დაშვებით, რომ ის უდანაშაულოა მანამ, ვიდრე ჯეროვანი პროცედურის გავლით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით არ დამტკიცდება მისი დამნაშავეობა.
შესაბამისად, ჯეროვანი პროცედურის გარეშე დაუშვებელია პირის აღიარება დამნაშავედ.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად:
ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად.