შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლება

20.08.2025 - ადამიანი და კანონი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლება

შესავალი

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (მუხლი 29) მიხედვით „წილი არის უფლება, რომელიც გულისხმობს სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში პირის მონაწილოებას და რომელთანაც დაკავშირებულია უფლებები და მოვალეობები. წილი საკუთრების საგანია.“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შემდგომში „შპს“) პარტნიორს წილზე საკუთრების უფლებიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებთან ერთად არაქონებრივი უფლებებიც გააჩნია. ზოგიერთი არაქონებრივი უფლებებით პარტნიორები ერთობლივად სარგებლობენ, ხოლო ნაწილი უფლებებისა კი პარტნიორს ინდივიდუალურად ეკუთვნის. ქართულ სამართალში პარტნიორის მხრიდან საზოგადოების კონტროლის და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და საზოგადოების საქმიანი კორესპონდენციის გაცნობის უფლება სწორედ პარტნიორის არაქონებრივ უფლებად განიხილება (სუსგ #ას-1340-2022). 

ინფორმაციული უფლებები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ პარტნიორის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. კომპანიის მართვის ორგანოებსა და პარტნიორს შორის ურთიერთობებში თავს იჩენს ინფორმაციული ასიმეტრიის ,~ პრინციპალის და აგენტის პრობლემები. პარტნიორები დირექტორებთან შედარებით ნაკლებად არის ინფორმირებული კომპანიის საქმიანობასთან და მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხოლო, დირექტორები, კი შესაძლოა ყოველთვის არ მოქმედებდნენ პრინციპალის ინტერესებში. 

ამ და სხვა სახის პრობლემების გადაჭრას, საკორპორაციო სამართალი პარტნიორისათვის ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლებების მინიჭების გზით ცდილობს. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2022 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, მისი წინამორბედი კანონის მსგავსად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის ინდივიდუალური ინფორმაციულ უფლებებს ითვალისწინებს. 

ბუნებრივია, რომ შპს-ს პარტნიორს არსებითი დაინტერესება ამოძრავებს გააჩნდეს წვდომა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. „ფაქტი, რომ პარტნიორის ინტერესი – მიიღოს დივიდენდი, თავისთავად განაპირობებს მინიმუმ იმგვარ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის სურვილს, თუ რა წარმატებით ვითარდება საზოგადოების საქმიანობა და საკუთარი კაპიტალის საზოგადოების სასარგებლოდ განკარგვის გზით მოპოვებული წილი საზოგადოებაში, რამდენადაა სარგებლის მომტანი.“ (სუსგ #ას-1817-2019). გარდა ამისა, შპს-ს პარტნიორის მიერ საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე წვდომა განაპირობებს მისი მხრიდან სხვა ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების რეალიზებასაც (მაგალითად, საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღება, საერთო კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნა და სხვა).

თუმცა, საკორპორაციო სამართალს საპირისპირო პრობლემის გადაჭრაც უწევს. არც თუ იშვიათად, პარტნიორს შესაძლოა უფლების ბოროტად გამოყენების და ხელმძღვანელი ორგანოს პარალიზების მიზნის გარდა, ინფორმაციის საზოგადოების საწინაღმდეგოდ გამოყენების მიზნები ამოძრავებდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს ბალანსი პარტნიორის უფლების რეალიზებასა და კომპანიის ინტერესების დაცვას შორის. ერთ-ერთ საქმეში (სუსგ #ას-964-925-2014), სხვა სახის ინფორმაციასთან ერთად, შპს-ს პარტნიორები ითხოვდნენ „საზოგადოების დირექტორის ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღის აღწერას, კონკრეტული საქმიანობისა და მათთვის საჭირო სამუშაო საათების მითითებით“. მართალია, სასამართლომ (სამართლიანადაც) ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თუმცა, სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების მიღმა ნათლად იკვეთება პარტნიორის ინდივიდუალური ინფორმაციული უფლებების შინაარსის და ფარგლების განსაზღვრასთან და უფლების რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები. 

შპს-ში ინფორმაციის მიღებისა და დოკუმენტაციის გაცნობის უფლების თავისებურებები სხვა სამეწარმეო საზოგადოების ფორმებთან მიმართებით

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი სამეწარმეო საზოგადოების სხვადასხვა ფორმებს იცნობს. ცხადია, რომ ერთი მხრივ, პერსონალური და კაპიტალური ტიპის საზოგადოებებს შორის, მეორე მხრივ კი უშუალოდ პერსონალური და კაპიტალური ტიპის კლასიფიკაციის მიხედვით დაჯგუფებულ ფორმებს შორის, არსებითი განსხვავებები არსებობს.