ცრუ მაგიერ პირად ცნობა
05.04.2025 - ადამიანი და კანონი
ცრუ მაგიერ პირად ცნობა
1.პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება.
2. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
3. პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
4. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.
5. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერი პირის მიმართ განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით პირის გამოყენებაში იგულისხმება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველ-ყოფის ღონისძიების ობიექტის ამ პირისათვის მოჩვენებითი გადაცემა. ამ შემთხვევაში ცრუმაგიერი პირი ობიექტს ფლობს და განკარგავს გარეგნულად როგორც საკუთარს, თუმცა შინარსობრივად ობიექტის ფლობასა და განკარგვას ახორციელებს რეალური პირი (გადასახადის გადამხდელი). ცრუმაგიერობის არსი მდგომარეობს, ერთი მხრივ, ცრუმაგიერი პირისათვის ობიექტის მოჩვენებითი გარიგებით გადაცემაში, ხოლო მეორე მხრივ, გადაცემული ობიექტის მოჩვენებითად ფლობასა და განკარგვაში. ცრუმაგიერობა გამოიხატება მოჩვენებითი გარიგების (ცრუგარიგების) დადებაში, გადასახადის გადამხდელის ქონების ცრუმფლობელობაში, გადასახადის გადამხდელის ქონების როგორც საკუთარის განკარგვაში, გადასახადის გადამხდელის ბიზნესის როგორც საკუთარის წარმოებაში (ცრუმეწარმეობაში).
იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირის ცრუმაგიერ პირად ცნობით საგადასახადო ორგანოს მიერ არ მოხდეს მის საკუთრების უფლებაში დაუსაბუთებელი და უკანონო ჩარევა, პირის ცრუმაგიერ პირად აღიარებაზე დაწესებულია სასამართლო კონტროლი. კერძოდ, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, ისევე, როგორც, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევის გარდა, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ხორციელდება პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.
თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გამოიყენოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში.