რა არის ნარდობის ხელშეკრულება?
12.03.2025 - ადამიანი და კანონი
რა არის ნარდობის ხელშეკრულება?
თუ თქვენი ხელოსანი აგვიანებს რემონტის დასრულებას ან ნივთი დამზადდა, რომელიც უხარისხოა და არ მოგწონთ, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის გათვალისწინებულ ხელშეკრულებას ჰქვია ნარდობის ხელშეკრულება.
ნარდობის ხელშეკრულებით შემსრულებელი კისრულობს ვალდებულებას, რომ გარკვეულ დროში დაამზადებს ნივთს ან შეასრულებს სამუშაოს, ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას, რომ გადაუხდის მას ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსთვის ან შეთანხმებული ნივთის ღირებულებას.
ნარდობის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპები
- შემსრულებელი არ არის დამკვეთზე დამოკიდებული;
- მენარდე თავად ირჩევს მასალებსა და სამუშაო მეთოდებს;
- ხელშეკრულება ვრცელდება როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე;
- სამუშაოს შესრულება ხდება დამოუკიდებლად და საკუთარი რისკით.
ნარდობის ხელშეკრულების საგანი
მენარდის მიერ შესრულებული სამუშაო შეიძლება იყოს:
- ნივთების შექმნა: სახლის აშენება, ბინის რემონტი, ტანსაცმლის დამზადება, საჭმლის მომზადება და ა.შ.
- არამატერიალურ-ქონებრივი სიკეთის შექმნა: მაგალითად, კომპიუტერული პროგრამის შექმნა.
- ნივთების შეცვლა/აღდგენა: შეკეთება, გადაკეთება, შეცვლა და ა.შ.
- სხვა ნებისმიერი ტიპის სამუშაო: რომელიც გარკვეულ შედეგს იძლევა.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ნარდობის ხელშეკრულებისას მენარდე ქონებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებელია შემკვეთისაგან და არ ექვემდებარება მას. იგი თავად წყვეტს, როგორ და რა პირობებში შეასრულოს სამუშაო.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით:
ადვოკატი ნიკოლოზ ფხალაძე
საადვოკატო ბიურო „ფხალაძე და პარტნიორები“