ჩვენს კლიენტს სურდა საკუთარ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენება. ამ მიზნით მან მოიძია სამშენებლო კომპანია და გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება. სამუშაოების შესასრულებლად კლიენტმა გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თუმცა მშენებლობა შუა გზაზე შეჩერდა. სამუშაოები აღარ სრულდებოდა, კლიენტს კი — გადახდილი თანხის სანაცვლოდ — დაუსრულებელი ობიექტი და დაზიანებული სამშენებლო მასალები დარჩა ხელში. სიტუაცია გართულდა იმითაც, რომ თანხის ნაწილი კომპანიის ფაქტობრივი მმართველის მითითებით მესამე პირის ანგარიშზე იქნა გადარიცხული, რამაც პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა.

ჩვენ კლიენტის ინტერესების დასაცავად შევისწავლეთ ხელშეკრულების პირობები და ფაქტობრივი გარემოებები, დავადგინეთ ვალდებულების დამრღვევი მხარეები — მათ შორის კომპანიის ფორმალური წარმომადგენელი და დეფაქტო მმართველი პირები — და მოვამზადეთ შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნა გადახდილი თანხისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.

ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და სამართლებრივი ზეწოლის შედეგად საქმე მოწინააღმდეგე მხარესთან მორიგებით დასრულდა — კლიენტმა დაიბრუნა კუთვნილი თანხები და თავიდან აიცილა გაჭიანურებული სასამართლო დავები.