როგორ გადავარჩინეთ კლიენტი ბინის დაკარგვას — 73 000 ლარის ქონებრივი სარგებელი 10 დღეში
საქმის ფაბულა
ჩვენს კლიენტს ბანკის წინაშე 103 000 ლარის ოდენობის სასესხო ვალდებულება ჰქონდა. სესხის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული ბინის 1/2 წილზე რეგისტრირებული იპოთეკა.
ვალის დაფარვის შეუძლებლობის გამო, აღსრულების ფარგლებში ბინის 1/2 წილი აუქციონზე გავიდა და იგი კერძო გამსესხებელმა სულ რაღაც 19 400 ლარად შეიძინა — ანუ ამ წილის საბაზრო ღირებულების დაახლოებით 19% პროცენტად.
ამის შემდეგ ახალი თანამესაკუთრე ჩვენს კლიენტს დაუკავშირდა და იმავე 1/2 წილის უკან გამოსყიდვის სანაცვლოდ 70 000 ლარი მოსთხოვა — თანხა, რომელიც მის მიერ გადახდილ ფასს 3,6-ჯერ აღემატებოდა.
რა რისკის წინაშე იდგა კლიენტი
მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში ახალ თანამესაკუთრეს შეეძლო სასამართლოსთვის საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნით მიემართა. ვინაიდან საცხოვრებელი ბინის ნატურით გაყოფა, როგორც წესი, ფაქტობრივად შეუძლებელია, ასეთი დავის ტიპური შედეგია მთლიანი ბინის აუქციონზე რეალიზაცია და ამონაგები თანხის წილების პროპორციულად განაწილება.
ბინის საბაზრო ღირებულება 206 000 ლარს შეადგენდა, თუმცა აუქციონზე ქონება, როგორც წესი, საბაზრო ფასზე გაცილებით იაფად იყიდება — რაც სწორედ ამ საქმემ თვალსაჩინოდ დაადასტურა.
რა გავაკეთეთ
საქმეში ჩართვისთანავე კერძო გამსესხებელთან პირდაპირი მოლაპარაკებები დავიწყეთ. შედეგად, 10 დღეში, 30 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, სადავო 1/2 წილი სრულად დაუბრუნდა ჩვენს კლიენტს.
კლიენტის სარგებელი ციფრებში
| მაჩვენებელი | თანხა |
| ბინის საბაზრო ღირებულება (მთლიანად) | 206 000 ლარი |
| ბინის 1/2 წილის საბაზრო ღირებულება | 103 000 ლარი |
| 1/2 წილის აუქციონზე გაყიდვის ფასი | 19 400 ლარი |
| მეორე მხარის მოთხოვნა გამოსყიდვისთვის | 70 000 ლარი |
| ჩვენი მოლაპარაკებით მიღწეული ფასი | 30 000 ლარი |
| ეკონომია საწყის მოთხოვნასთან შედარებით | 40 000 ლარი (–57%) |
| წმინდა ქონებრივი სარგებელი | 73 000 ლარი |
| საქმის მოგვარების ვადა | 10 დღე |
აცილებული ზარალი
თუ საზიარო უფლების გაუქმების სარჩელი დაკმაყოფილდებოდა და მთლიანი ბინა აუქციონზე გავიდოდა იმავე დისკონტით (საბაზრო ღირებულების დაახლოებით 19% პროცენტი), ქონება სავარაუდოდ 38 800 ლარად გაიყიდებოდა, საიდანაც კლიენტს მისი წილის პროპორციულად დაახლოებით 19 400 ლარი ერგებოდა — და, რაც მთავარია, საცხოვრებელს დაკარგავდა.
დღეს კი კლიენტის ქონებრივი მდგომარეობა ასეთია: მის საკუთრებაში 206 000 ლარის ღირებულების ბინაა, რისთვისაც მან 30 000 ლარი გადაიხადა, ანუ წმინდა 176 000 ლარი. სხვაობა ორ სცენარს შორის დაახლოებით 156 600 ლარს შეადგენს.
დასკვნა
აუქციონზე ქონების დაკარგვა საქმის დასასრული არ არის. სწორად და დროულად წარმართული მოლაპარაკება ხშირად უფრო სწრაფ და იაფ შედეგს იძლევა, ვიდრე წლების განმავლობაში მიმდინარე სასამართლო დავა. მთავარია, ადვოკატი საქმეში მანამ ჩაერთოს, სანამ მეორე მხარე სარჩელს შეიტანს.
ფხალაძე და პარტნიორები | Pkhaladze et Associés — ადვოკატთა ბიურო
თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24გ, AXIS Complex, მე-10 სართული | www.pkhaladze-law.ge | +995 597 117 795