ვისაც საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე უკანონოდ უარი უთხრეს – მათ რაღაც მიზეზით დააკავებენ
🛑 ფაქტობრივი გარემოებები:
ვაწარმოებ ადმინისტრაციულ დავას (საქმე №3/——-26), რომლის ფარგლებშიც ჩემმა კლიენტმა, 2026 წლის 24 თებერვალს პრობაციის ორგანოს მიერ გაცემული ცნობის მიუხედავად, ვერ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი — ადმინისტრაციულმა ორგანომ უარი განუცხადა ყოველგვარი წერილობითი დასაბუთების გარეშე.
უარის შემდეგ მივმართეთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და მოვითხოვეთ, დაესაბუთებინათ მიღებული გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულმა ორგანომ არათუ დასაბუთება არ წარმოადგინა, არამედ საერთოდ არ გვიპასუხა.
🛑 სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა იყოს დასაბუთებული — ეს არ არის ფორმალობა, არამედ კანონიერების პრეზუმფციისა და ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშვალდებულების პირდაპირი გამოხატულება. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს დაინტერესებულ მხარეს დასაბუთებით.
ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს დასაბუთება არ წარმოუდგენია, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დამოუკიდებელ საფუძველს აქტის ბათილად ცნობისთვის და ჩემი კლიენტის კონსტიტუციით (მე-14 მუხლი) და საერთაშორისო კონვენციებით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას.
✅საპროცესო მიმდინარეობა:
სარჩელით მოვითხოვე : (1) აქტის გამოცემის დავალება — რათა ადმინისტრაციულ ორგანოს დაკისრებოდა ვალდებულება, დაესაბუთებინა უარის მიზეზი, და (2) დროებითი ღონისძიების გამოყენება — გადაადგილების უფლების დასაცავად, ვინაიდან იმ დრომდე ორგანოს არანაირი დასაბუთება არ ჰქონდა წარმოდგენილი.
სასამართლომ საწყის ეტაპზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო იმ დასაბუთებით, რომ ჩემი განცხადება არ იყო გაგზავნილი სათანადო მოპასუხის მისამართზე. სარჩელი დავაზუსტეთ და მივუთითეთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-19 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, განცხადება საკუთარი ინიციატივით გადაუგზავნოს უფლებამოსილ ორგანოს. სარჩელი საბოლოოდ წარმოებაში იქნა მიღებული.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე. ამ განჩინების გასაჩივრებამდე მოპასუხემ — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა — 2026 წლის 10 ივნისს სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, არგუმენტაციისა და პოზიციის ველები დატოვებული იყო შეუვსებელი ! ! !. სხვაგვარად რომ ითქვას, თითქმის ხუთი თვის შემდეგაც ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილების დასაბუთება არ წარმოუდგენია.
განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, გავასაჩივრეთ კერძო საჩივრით და იმავე მოსამართლეს მივუთითეთ მოპასუხის მიერ ცარიელ შესაგებელზე და განვუმარტეთ რომ მოპასუხე მხარეს ისევ არ ჰქონდა დასაბუთებული პოზიცია. სასამართლომ საქმე სააპელაციო სასამართლოში გადააგზავნა.
⚜️დამატებითი გარემოება — დროში თანხვედრობა
მას შემდეგ, რაც სარჩელი წარვადგინეთ შსს-ს წინააღმდეგ, ერთი კვირის თავზე ჩემი კლიენტი დააკავეს სრულიად სხვა, ამ ადმინისტრაციულ დავასთან ფორმალურად დაუკავშირებელ სისხლის სამართლის საქმეზე. ამჟამად იგი პატიმრობაშია.
არ მსურს, მტკიცებულებების გარეშე დავასკვნა კავშირი ორ სხვადასხვა საქმეს შორის. თუმცა დროითი თანმხვედრობა — ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგ სარჩელის შეტანასა და დაკავებას შორის მცირე დროის მონაკვეთი — ობიექტურად საჭიროებს ყურადღებას და შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამჭვირვალე, დამოუკიდებელ შეფასებას. ჩემი მხრიდან გამოყენებული იქნება ყველა საპროცესო მექანიზმი, რათა დადგინდეს, არსებობს თუ არა ამ ორ გარემოებას შორის კავშირი.
⚖️დასკვნა
ეს საქმე თვალსაჩინოდ აჩვენებს, თუ რას ნიშნავს პრაქტიკაში ადმინისტრაციული ორგანოს დუმილი და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება: მოქალაქეს ერთმევა უფლება, გაიგოს, რატომ ეზღუდება მისი კონსტიტუციური თავისუფლება, ხოლო ორგანო, კანონისმიერი ვალდებულების მიუხედავად, თვეების განმავლობაში არ ასრულებს დასაბუთების მოვალეობას. კანონმდებლობა ცალსახად ადგენს, რომ დაუსაბუთებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წარმოადგენს არსებით დარღვევას და საფუძველს მისი ბათილად ცნობისთვის. სასამართლო კონტროლი ამ შემთხვევებში არ არის ფორმალობა — ის ერთადერთი გარანტიაა იმისა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს თვითნებობა შეიზღუდოს კანონის ფარგლებში